როგორ ამზადებდნენ ლუდს საქართველოში

მთიელისათვის ლუდი ნაციონალური სასმელია, რაც განუწყვეტლად სდევს მის ყოველდღიურ ცხოვრებას, როგორც საერო, ასევე საკულტო-სარიტუალო წესთმსახურების შესრულებისას, ყველა სამეურნეო საქმიანობა ლუდის გამოხდასთანაა დაკავშირებული და თითქოს ლუდით იხსნება იმ ღვთაებრივი  სამყაროს კარიბჭე, რომლის იქით ღმერთები ცხოვრობენ.

ალბათ ამიტომაა ქართველ მთიელთა ლუდის გამოხდის ტრადიციები დახვეწილი, წარმოების პროცესით მდიდარი, ხელ-ჭურჭლით მრავალფეროვანი და მოხმარების წესით ორიგინალური.
საზოგადოდ, ლუდის გამოხდა-დაყენებას მთიელები მიმართავენ როგორც სარიტუალო მიზნებისათვის, ასევე საოჯახო მოხმარებისათვისაც. ისინი ლუდს ძირითადად ქერისაგან ადუღებდნენ.

ხატის ბეღლიდან გარჩეულ-გასუფთავებულ მარცვალს დასტური  ჩაყრის  თხის ბალნისაგან წმინდად მოქსოვილ ტომრებში და წაიღებს  მდინარეზე დასალბობად. მთლიანად წყლით დაფარულ მასას 2-3  დღე ამყოფებენ წყალში. მესამე დღეს დამბალი ქერის ტომრებს ნაპირზე გამოზიდავენ და ზედ დიდ სიპებზე დაალაგებენ, რათა ქერი კარგად დაიწუროს წყლისაგან. შემდეგ ტომრებს წაიღებენ ერთ რომელიმე გამორჩეულ სახლში, რომელსაც აქვს ფართო, სუფთა და ქერის დასაღვივებლად მოსახერხებელი ჭერხო. ჭერხოში ტომრებს წამოაპირქვავებენ, ქერს გადმოყრიან და გაშლიან ერთი ციდის სიმაღლეზე და ზემოდან გადააფარებენ მშრალ ნამჯას და ასე დაათბუნებენ, რათა ქერი გაღვივდეს - ამ პროცესს "ფორის დადება" ეწოდება.

3-4 დღეში, ქერის მარცვალი თითქმის ერთ სანტიმეტრიან ბუსუსებს გამოიღებს და დაღვივდება.საერთოდ, ლუდის დუღების სამზადისი დღესასწაულის დაწყებამდე 7-8 დღით ადრე იმართება, რასაც ხევსურეთში "ქვაბების დაყრას" უწოდებენ, თუშეთში კი ქვაბების "შეკიდებას".

დასტურები მოიტანენ ფორის ფქვილს, აწყავენ საწყავით და რამდენ საწყაოსაც ჩაყრიან ქვაბში, იმდენ საწყაო წყალს დაასხამენ. ესაა საუკეთესო პროპორცია. ქვაბში ჩასხმული ქერისა და წყლის მასას გამუდმებით ურევენ, რათა ფქვილი არ შეიკოლტოს და ფსკერზე არ დადგეს.

ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მხარშველები ცეცხლის ზომას. როგორც წესი სალუდე მასა დუღილის განმავლობაში ჯერ იმატებს და რომ არ დაიღვაროს, ცალკე ქვაბში გადააქვთ, რათა შემდგომი დუღილისაგან  დაკლებულ მასას კვლავ დაუმატონ. როცა მთლიანი მასა სასურველ სიმაღლეზე დაიკლებს, ხარშვის პროცესი უნდა დამთავრდეს.

ამის შემდეგ ქვაბს გამოუნელებენ ცეცხლს, წვენს გემოს გაუსინჯავენ და თუ იგი  არის მოტკბო, სქელი და წებოვანი, ეს მანიშნებელია დუღების ციკლის დასასრულისა. ცეცხლგამონელებულ ქვაბს, რამდენიმე ხანს ადროვებენ, რომ ნახარშის უხეშმა მასამ ძირზე დაიწყოს დალექვა. რამდენიმე ხანში ქვაბის ზედა ნაწილი ისე გაიწმინდება, რომ მას გაწურვა არ სჭირდება და პირდაპირ გადაიღებენ სხვა ჭურჭელში.

ლუდისათვის სვია არის საუკეთესო საკაზმავ-შესანელებელი მცენარე, რომელიც სრულყოფილ თვისებას აძლევს ლუდს. სვია უძველესიდან ხარობდა საქართველოში, მაგრამ ძალიან ცოტაა და ისიც უხარისხო მის მთიან ნაწილში. ამიტომ ხევსურები და ფშაველები სვიას ან ყიდულობდნენ (ძირითადად ცვლიდნენ ნატურალურ  საქონელზე - ყველი, მატყლი, საკლავი) ან თავად მიჰქონდათ წინასწარ შეგულებული ადგილებიდან.

ლუდი საუკეთესო მაშინ გამოვა, თუკი სვია ფორის რაოდენობისა დაეყრება. ასეთი პროპორციით მიცემული სვია ლუდს "სიმწარესა და თრობას” აძლევს.  სვიის ფუებას ხევისბერი წარმართავს, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ამ საქმეს შეალია და გამოცდილებაც ყველაზე მეტი აქვს. ამავე დროს, ამ პროცესში, უკვე შემოდის რაღაც მისტერიული სულისკვეთება, იმის აშკარა გამოხატულებით, რომ ფუება შეუძლია მხოლოდ იმ კაცს, ვინც ღმერთსა და ხალხს შორის შუამავალია. აქედან  ლუდის, როგორც სარიტუალო სასმელის ხასიათი იკვეთება და ის უკვე გამოდის ჩვეულებრივი ყოფითი პრაქტიკის ფარგლებიდან.

ამ პროცესში კიდევ ერთხელ და მერამდენედ გამოიცდება ხევისბერის ავტორიტეტი საკრალიზაციის მთელი არსენალით, რის გამოც ის შერჩეული იქნა თავის დროზე ხალხსა და ღვთაებათა შორის მეკავშირედ.მესაფუვრე ხევისბერი რამდენ კოდ სისწვენს "შაჰყრის" და გაამზადებს ასადუღებლად საფუვრისათვის იმდენჯერ უნდა განბანოს. რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ ლუდი სარიტუალო სასმელია, ხოლო ლუდის ფუება - გაცოცხლების სიმბოლო, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული განგების ნებასთან. ამიტომ ლუდის გამომხდელი სუფთა უნდა იყოს სხეულითაც და სულითაც.

დადუღებულ ლუდს ვერცხლის სახუცო თასით ამოიღებენ და კოდთან დადგამენ. გადაახვევენ რამდენიმე  სანთელს ერთად და კოდზე დააკრავენ. პატარა სანთლებს ვერცხლის ლუდიან თასს მიაკრავენ და ხევისბერი დაიწყებს ხატ-ჯვარის დიდებას. ლოცვის შემდეგ ლუდს მოსვამს, მერე წრეში დაატრიალებს და საბოლოოდ მასთან მისულს თავადვე გამოცლის. მთიელთა შეხედულებით ლუდი უნდა იყოს სქელი, ხშირი, სვიანი, მომწარო-მოტკბო და ფერიანი - "ყორნის თბესავით შავი".

მთიელმა კარგად იცის ლუდის ფასი, მისი ცხოვრების სიხარულიანი დღეები ლუდთანაა დაკავშირებული, მძიმე შრომისაგან დაღლილს ლუდი აძლევს ახალი ძალ-ღონის მოკრეფის საშუალებას, და ერთი მისი ნატვრაც ლუდის გამოულევლობითაა ნაოცნებარი: "დგომაც ქნა შავის ლუდისა. გათავდის წესიმც არ იყვა."

ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან "ქართული ლუდი"
ავტორი : პროფესორი ელდარ ნადირაძე
 საქართველოს ეროვნული მუზეუმის
ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 
Copyrights 2006 - 2017. KAZBEGI. All rights reserved.
Created by ITDC