ქართული ლუდის ისტორია

რა ისტორიული წანამძღვრები ჰქონდა საქართველოში ლუდის გამოყენებას? როგორია მისი გენეზისი, წარმოშობის გზები, რა წვლილი აქვთ ქართველებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურის განვითარებაში?
ლუდის წარმოების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ხორბლეულის კულტურა, მასთან დაკავშირებული სამიწათმოქმედო იარაღების განვითარებულობა და კულტურულ-გენეტიკური კავშირები იმ ცენტრებთან, სადაც ლუდის წარმოებას დაედო სათავე.

ბერძნებს ადრიდანვე შეუმჩნევიათ ქართველთა მიდრეკილება მიწათმოქმედებისადმი. კოლხეთში მოსულმა არგონავტებმა აიეტის სასახლეში იხილეს ღვინის შადრევნები და მაგარი ფოლადისაგან გამოჭედილი გუთანი, რომლის სრულყოფილებამ მათი განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. ალბათ, მხოლოდ ეს არ იყო იმის მიზეზი, რომ მათ შემდგომში ქართველებს "გეორგიან" შეარქვეს, რაც მიწისმოქმედს ნიშნავს. 

მსოფლიოში ცნობილი 17 სახეობის ხორბლიდან 12 საქართველოში ითესებოდა,  ადგილობრივი წარმოშობისაა მახა და ზანდური-გარდამავალი ჯიშები ველურიდან კულტურული ხორბლის ჩამოყალიბების გზაზე. ესაა მოვლენა უნიკუმი, სელექციის უტყუარი ფაქტი, სადაც საინტერესოდ იკვეთება მრავალდარგოვანი სამეურნეო ცხოვრების გრძელი გზა.

საქართველოს არქეოლოგიურ მასალებში დადასტურებულია პურეული კულტურის ნაშთები, რომლებიც VII-VI ათასწლეულით თარიღდებიან. მიწათმოქმედების აღმოცენება-განვითარების შვიდი დიდი კერიდან მეცნიერები უძველეს ცენტრად მიიჩნევენ წინა აზიას საქართველოს ჩათვლით. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე: ამირანისა და არუხლოს გორებზე, ურბნისში და შულავერში ენეოლითური ხანის ნასახლარებში აღმოჩნდა ალიზის სამეურნეო ნაგებობანი, ხორბლეულის შესანახი ორმოებით და მიწის დასამუშავებელი იარაღებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ აქ მცხოვრებნი უძველესი ქართველური მოდგმის ტომები დაახლოებით ცხრაათასი წლის წინ იცნობდნენ ხორბლის კულტურას და მისი მოყვანა-შენახვის ხერხებს. პურეული კულტურის ამაზე უფრო ხნიერი სამურნეო ცენტრი მსოფლიო მეცნიერებამ არ იცის.

ეს ყველაფერი იმის მაუწყებელია, რომ პურეული კულტურის მფლობელი ხალხი, სხვებთან შედარებით, უფრო ახლოს დგას ლუდის წარმოების პრეისტორიასთან.
საქართველოში ლუდის, როგორც კულტურის შემოსვლა ძველი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოხდა, აღმოსავლური ლუდის უძველესობა დღეს უკვე უეჭველია, ხოლო ამ ხალხებთან ქართველთა წინაპარი ტომების კულტურულ-სამეურნეო კავშირები არქეოლოგიური, ისტორიული, ეპიგრაფიკული და ეთნოგრაფიული მასალებით გამორკვეული და დადასტურებულია.

რატომ შემოინახა საქართველოს მთამ ლუდის მოხმარების ჩვევა ბოლომდე, ეს გასაგები მიზეზითაა ასახსნელი: საქართველოში, როგორც ღვინის კლასიკურ ქვეყანაში, უმთავრესი ყურადღება გადატანილი იყო ბარის მევენახეობა-მეღვინეობაზე. ეთნოგრაფიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული შეხედულებით ბარი და მთა გაყოფილია ვაზის გავრცელების არეალითაც. იქ სადაც ვაზი ხარობს ის ტერიტორია ბარადაა მიჩნეული, ხოლო სადაც არ ხარობს, მთად. ამიტომ, ლუდის წარმოებამ თავიდანვე ფეხი მოიკიდა მთაში და აქ დასახლებული ხალხის ყოფაში ლუდმა უპირველესი ადგილი დაიჭირა.

ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან "ქართული ლუდი"
ავტორი : პროფესორი ელდარ ნადირაძე
 საქართველოს ეროვნული მუზეუმის
ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 
Copyrights 2006 - 2017. KAZBEGI. All rights reserved.
Created by ITDC