ლუდის ჭურჭელი

ლუდის რელიგიური და საკულტო დანიშნულება მჭიდროდაა დაკავშირებული სარიტუალო ჭურჭელთან, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს ვერცხლის საგანგებოდ მორთული თასი ე.წ. "სახუცო კოჭობი", რომელსაც შებმული აქვს ხალხისაგან შეწირული სხვადასხვა სამკაული: ვერცხლის ფულები, მასრები, ყაწიმები, შიბები - ძეწკვები.

სახუცო კოჭობი წმინდა ჭურჭელია და მხოლოდ იმითაა ნებადართული კოდიდან ლუდის ამოღება. კოჭობი ლოცვაში ბარძიმად მოიხსენიება. ამ ჭურჭლის საკრალურ დანიშნულებაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მას წელიწადში ერთხელ გამოაბრძანებენ, ჯვარიონი მას მუხლმოდრეკილი ეგებება - ეს თასი თავისი არსით ზეციური წარმოშობისაა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კულტის წარმოშობას, იგი ციდან ჩამოსულია, ღვთისშვილთა ნიშანს წარმოადგენს და მისგან აღმოცენდება ჯვარ-ხატი.

"ეს ცით მოსული ხატი" (ანუ ჯვარის ნიშანი),  ეკვრის სახუცობო კოჭობის კიდეს და  მტრედის სახით ეცხადება საყმოს. თასს განსაკუთრებული ძალა ენიჭება ხევისბერის ხელში, ხოლო მასზე შებმული სამკაულები, მისდამი დიდი პატივისცემის ნიშანია.

ცარიელი თასი გამზადებულია საკულტო ლუდისათვის - რომლითაც აივსება და ეზიარება საყმო ხევისბერის ლოცვით, ხოლო შემდეგ ყველანი შესვამენ ანუ ეზიარებიან მას, რითაც სიმბოლურადაა გამოხატული თემის ერთიანობის იდეა. თასის საკრალურობას კიდევ უფრო აღრმავებს თასიდან ლუდის შესმის თავისებური წესი: როცა ხატის ყმანი მუხლებზე დაჩოქილნი ხელმიუკარებლად სვამენ თასიდან ლუდს.

მთიელთა სარიტუალო პრაქტიკაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხატის დროშას, როგორც დიდ სიწმინდეს. დროშა შემკულია ხალხისაგან შეწირული ვერცხლის ფულით, ნაჭრებით, ძეწკვებით, მძივებით, პატარა ზარებითა და ჯვრებით. ზოგჯერ მის ტარს შუბის წვერი აგვირგვინებს, ზოგჯერ კი ჯვარი.

ხევსურეთში დროშა დაშლილი ინახება, "დროშათ აბმას" ანუ დროშის მომზადებას ხევისბერი  ხელოსანი აღასრულებს, აიღებს დროშის ტარებს და ცალკე ტაგრუცში მოთავსებულ ნაწილებს სათითაოდ ააბამს მასზე. ამ დროს იგი უმძრახია და არავის დაელაპარაკება, გაამზადებს, გამოიტანს დარბაზის კარში და იწყებს ხუცობას. ხევსურების წარმოდგენით დროშა გამოტაცებულია ქაჯავეთიდან, რაც ხევსურთა გამარჯვების მომასწავებელია. ზოგადად კი, იგი საწმინდაო-სამამაკაცო რელიქვიაა, რომელიც ბრძოლაში წინ მიუძღვის საყმოს.

ამავე დროს, დროშა ჯვარჩინების ტოლი მოვლენაა, რომელშიც განივთებულია თავად ხატის ძალა. დროშა ხატობის უმთავრესი ატრიბუტია, იგი სიმბოლოა თემის წევრთა ერთიანობისა და ხატ-დღეობათა მარადიული აღსრულებისა. დროშის მონაწილეობის გაერეშე მთის არცერთი დღესასწაული არ ჩატარდება, ხოლო მისი საბრძანისიდან გამოტანა და დარისხება დაჟღარუნება რიდსა და სიხარულს ერთდროულად აღძრავს მორწმუნის გულში და უთუოდ იმას მოასწავებს, რომ ხატის იდუმალი ძალა და მოწყალება ამ ხმასთან ერთად გადმოდის ხატის ყმებზე.
ცნობილია, რომ მთიელთა სარიტუალო ჭურჭელი და ხატ-განძი დიდ სიწმინდეს წარმოადგენდა ნებისმიერი ხატისათვის, ამიტომ ამ განძის შემნახველსა და მეპატრონე ხელოსან-მეგანძურს დიდი გულმოდგინება სჭირდებოდა მისი დაცვისათვის.

თავისი საკრალური ბუნებიდან გამომდინარე, ხატის განძი საიდუმლოდ იყო გადამალული და მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში გამოიტანდნენ, რათა რიტუალი აღესრულებინათ. ზოგიერთ სალოცავს საკმაოდ მდიდრული საგანძური გააჩნდა და მის ავტორიტეტს არანაკლებ ამაღლებდა ეს მდგომარეობა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ფშავში, ლაშარის ჯვარს მდიდრული საგანძური ჰქონია, რომელშიაც სარიტუალო ლუდის ჭურჭელთან ერთად ოქრო-ვერცხლის ჯვრები, წიგნები და ხატებიც ინახებოდა. ყველაფერი ეს შეწირული იყო ხატისადმი ცალკეული პირებისაგან და ამ წესის შეურყეველობა ხდებოდა ძირითადად საფუძველი ხატის საგანძურის გამდიდრებისა. ხატის საგანძური იმდენად საკრალური იყო, რომ მისი რომელიმე ნივთის გაყიდვა ან გაჩუქება ყოვლად დაუშვებელი იყო.. უფრო ხშირად ახალი სალუდე ქვაბების შესაძენად ან ძველი, ძირდამწავრის შეკეთებისათვის.

საქართველოს მთიანეთში გავრცელებულ საკულტო-სარიტუალო დღესასწაულებში ლუდის, როგორც საკულტო სასმელის გამოყენების პრაქტიკა, ხასიათდება მკვიდრად ჩამოყალიბებული ტრადიციული ფორმებით და აშკარად მიუთითებს ამ სასმელის უძველეს მოხმარებაზე საქართველოს მოსახლეობის მიერ.

ფრაგმენტები ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევიდან "ქართული ლუდი"
ავტორი : პროფესორი ელდარ ნადირაძე
 საქართველოს ეროვნული მუზეუმის
ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 

 
Copyrights 2006 - 2017. KAZBEGI. All rights reserved.
Created by ITDC