ბაბილონი

ბაბილონის მმართველმა ჰამურაბმა, რომელმაც მესოპოტამია და ასირიელთა ქვეყანა შემოიერთა, სხვა კანონებთან ერთად, ლუდის წარმოებისა და მოხმარების უმკაცრესი წესი დაამკვიდრა. ბაბილონელები ლუდის სიწმინდეს უმკაცრესად იცავდნენ.
"ქვის ძელი" - ტრაქტატი, რომელიც 1903 წელს სუზში - თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ამჟამად ლუვრში ინახება, დაუჯერებელ ამბავს გვამცნობს.
უძველესი ლურსმნული დამწერლობით მასზე ამოტვიფრულია წარწერა იმის შესახებ, რომ ლუდის არაკეთილსინდისიერი მხარშველი, რომელიც ლუდს წყალს გაურევდა, უმკაცრესი სასჯელით ისჯებოდა: ან თავისივე მოხარშული სასმელით სავსე კასრში ახრჩობდნენ, ან მისივე დამზადებულ სასმელს იმდენს ასმევდნენ, ვიდრე არ მოკვდებოდა. დასჯის სასტიკი მეთოდები იმ გამყიდველებზეც ვრცელდებოდა, ვინც ლუდის ფასს უსაზღვროდ ზრდიდა.

უძველესი კრებული, რომელსაც ჰამურაბის კოდექსი უწოდეს, ქრისტეშობამდე 1700 წლით ადრეა შექმნილი. ასევე, სიკვდილით ისჯებოდა ის ლუდხანის მფლობელი, რომელიც თავის დაწესებულებაში პოლიტიკურ დისკუსიებს დაუშვებდა.
ჰამურაბის კოდექსიდან იმასაც ვიგებთ, რომ იმ დროს ყველა წამალს ლუდს აყოლებდნენ.

არქეოლოგების აზრით, 6000-8000 წლის წინათ ძველ ბაბილონში ლუდი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო. ბაბილონელები ქვებით ჩეჩქვავდნენ ქერისა და სპელტის (სიმინდის წინაპარი) მარცვლებს, ასხამდნენ წყალს, ამატებდნენ სურნელოვან ბალახებს  და რამდენიმე დღეში იღებდნენ სასიამოვნო გამამხნევებელ სასმელს.
მესოპოტამიის ქალაქ-სახელმწოფოში ურში კი ლუდს პროფესიულად - გასაყიდად ამზადებდნენ. ლუდი ისეთი რაოდენობით მზადდებოდა, რომ თითქმის მთელი მარცვლეულის ნახევარს ალაოდ ამუშავებდნენ. სვიას  მაშინ ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ. ბაბილონელებისა და შუმერების დამზადებული ლუდი მოტკბო გემოსი იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სვიის სიმწარის გარეშე.

უძველესი სამარხების ბარელიეფებზე შემორჩენილია ლუდთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები. ამ ნახატებზე ქურუმების მიერ ღმერთებისათვის ლუდით მსხვერპლშეწირვის რიტუალებია აღწერილი. ქურუმები ავრცელებდნენ მითებს ლუდის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებაც.

 
Copyrights 2006 - 2017. KAZBEGI. All rights reserved.
Created by ITDC